როგორია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ბენზინი შეასხეს

ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბენზინის აალების შედეგად მიღებული დამწვრობით კლინიკაშია მოთავსებული, სტაბილურად მძიმე რჩება. 

როგორც report.ge-ს ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე, გამოჯანმრთელების პროცესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

,,პირველი 24 საათისთვის სტაბილურობას ვინარჩუნებთ, ჯერჯერობით გართულებების გარეშე მივდივართ, პაციენტი ისევ რჩება რეანიმაციის განყოფილებაში", - განუცხადა report.ge-ს გუგა ქაშიბაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მიღებული აქვს სხეულის თერმული დამწვრობა 37%, მეორე-მესამე ხარისხის. ძირითადად, დაზიანებულია ორივე წვივი და ორივე ბარძაყი ცირკულარულად. 

ცნობისთვის, 30 ივნისს თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.