რუსთაველის გამზირზე აქცია "სირცხვილია" აღარ გაიმართება

რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციები აღარ გაიმართება. როგორც აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, 20 სექტემბერს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქცია რუსთაველის გამზირზე ბოლო იქნება, ამის შემდეგ კი ფორმატი შეიცვლება. სოციალური ქსელის საშუალებით აღარ გავა გადაცემა „სირცხვილიაც“.

ორგანიზატორების თქმით მოძრაობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეგიონებში შეხვედრებს გამართავს. ასევე საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს დედაქალაქშიც.

დეტალებზე აქციის ორგანიზატორების 20 სექტემბერს ისაუბრებენ, სადაც12 პუნქტიან გეგმას წარადგენენ.

აქციები რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის ღამეს დაიწყო. საპროტესტო ტალღა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის და დელეგაციის სხვა წევრების ვიზიტს მოჰყვა. მოქალაქეების გაღიზიანება პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე სერგეი გავრილოვის ხილვამ გამოიწვია. 

საპროტესტო აქცია დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. სამართალდამცავებთან დაპირისპირებისას ათობით მოქალაქე დაშავდა.

მალევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის მუხლით სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება აქციის რამდენიმე მონაწილე.

20 -21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ აქციები პერმანენტული გახდა. აქციის მონაწილეები ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას, რომელსაც დემონსტრანტების დარბევის დროს შს მინისტრის თანამდებობა ეკავა.