სააკაშვილის ფსიქოტროპული მედიკამენტების დოზირებაში დარღვევა არ არის - ფსიქიატრი

სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრის, ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპული მედიკამენტები გაზრდილი დოზით არ მიუღია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, ფსიქოთერაპიული დახმარებაც სჭირდება.

"შევისწავლეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, გავესაუბრეთ სააკაშვილის მკურნალ ექიმს. გავესაუბრეთ ბატონ მიხეილსაც, საკმაოდ დიდ ხანს და დაწვრილებით. რა თქმა უნდა, არის გარკვეული პრობლემები ფსიქიკური სფეროს მხრივ, მაგრამ ახლა ზუსტად დიაგნოზზე ვერ ვილაპარაკებ. უნდა შევჯერდე ჩემს კოლეგებთან და შემდეგ დასკვნას დავდებთ.

ფსიქოტროპული მედიკამენტების გაზრდილი დოზები არ მიუღია. "კეტილეფტი" მას გაზრდილი დოზით არ მიუღია, "ქსანაქსს" იღებს. "ქსანაქსი" დანიშნული ჰქონდა დიდი ხნით ადრე, მანამდეც, უცხოელი ექიმის მიერ. წამლები ინიშნება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. იწყება მინიმალური ეფექტური თერაპიული დოზით და იმის მიხედვით, თუ რა შედეგს მიიღებ, თანდათან შეიძლება მოიმატოს მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის. რაც ვნახეთ, თერაპიულ დოზირებას არ სცილდება.

მას აქვს გარკვეული პრობლემები და სჭირდება დახმარება როგორც მედიკამენტური, ასევე სავარაუდოდ ფსიქოთერაპიული", - განაცხადა მარინა კურატაშვილმა.