სად არის დასაშვები 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება - მთავრობის განმარტება

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, თუ სად და რომელ დაწესებულებებშია ნებადართული 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

„10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო; 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში; თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას; საქმიანობის შეჩერება არ ეხება სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო, ქიმიისა და ჰიგიენის, პესტიციდების, აგრო ქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების თანახმად, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა.