სად იყო ყველაზე მაღალი აქტივობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში

21 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთში დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი კი - თბილისში. 

თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე 219 211 ადამიანი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 21.9%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთში დაფიქსირდა. ცესკოს ინფორმაციით, უბნებზე ამომრჩეველთა 33.7% მივიდა (51 785 მოქალაქე).

რაც შეეხება აქტივობას ოლქების მიხედვით: ყველაზე მაღალი აქტივობა ქედა-შუახევი-ხელვაჩაური-ხულოს ოლქში დაფიქსირდა. იქ ამომრჩეველთა 39.29%(37 987 მოქალაქე) მივიდა უბნებზე. ყველაზე დაბალი აქტივობა იყო ნაძალადევში: აქ სულ 20.04%-მა მისცა ხმა (27 046 მოქალაქე).

ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ამომრჩევლის მობილიზაციისთვის გაცხადებული აქტივობები არ ჩაუტარებიათ.