საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამხრეთ კორეის რწმუნებულს უმასპინძლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებულ დაესუ ჩანგს შეხვდა.  ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.

მათი ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მხარეებს შორის, სამომავლოდ, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. 

"თემურაზ მღებრიშვილმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურის, ფუნქციების და პრიორიტეტების შესახებ.

კორეული მხარის წარმომადგენელმა რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა. მათ შორის იყო, კორეული წარმოების ტექნიკისა და სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობების გადმოცემა; სამუშაო ვიზიტის დაგეგმვა კორეაში, სამაშველო და სახანძრო სისტემის გაცნობის მიზნით და მეხანძრე-მაშველთათვის სპორტული აქტივობების დაგეგმვა", - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.