საქართველოს მოქალაქეების ბერლინიდან ჩამოსაყვანად დამატებითი ავიარეისი დაინიშნა

ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს 3 აპრილს ბერლინის მიმართულება დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა მ.წ. 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა. კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს - ათენი-თბილისის, 26 მარტს კი ვენა-თბილისის რეისი", - აცხადებენ სამინისტროში. 

საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და განრიგს 3 აპრილს დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც შეასრულებს კომპანია Georgian Airways. განრიგის თანახმად, 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია LOT Polish Airlines. აღნიშნულ რეისებზე ბილეთები გაიყიდება, ბერლინის შემთხვევაში კომპანია Georgian Airways-ის, ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია LOT Polish Airlines-ის ვებ-გვერდებზე.

ფრენების არსებული განრიგი ასეთია:

28 მარტი - ვარშავა-თბილისი - LOT Polish Airlines

31 მარტი - ამსტერდამი-თბილისი - Georgian Airways

3 აპრილი - ბერლინი-თბილისი - Georgian Airways

3 აპრილი - ვარშავა-თბილისი - LOT Polish Airlines

4 აპრილი -ლონდონი-თბილისი - Georgian Airways (კომპანიის გეგმიური რეისი)

7 აპრილი -ათენი-თბილისი - Georgian Airways

10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი - Georgian Airways

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. 

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.