საქართველოში კორონავირუსზე რიგითი მოქალაქეების აცრაც იწყება

საქართველოში, 25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად მოქალაქეებიც შეძლებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე, სახელმწიფო კორონავირუსზე აცრის 65 წელს ზემოთ და 75 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიებს. 

„მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი 75 და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ესენია მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მთავარი განსახილველი საკითხი იმ პრიორიტეტული ჯგუფების შერჩევა იყო, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში უნდა ჩაერთონ.

ვაქცინაციის პროცესში დამატებითი ჯგუფების ჩართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქვეყანაში სამედიცინო სფეროს აცრის მსურველი წევრების დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.