სახალხო დამცველი ლტოლვილთა მსოფლიო დღეს ეხმაურება

ყოველდღიურად მსოფლიოში ათიათასობით ადამიანი იძულებულია თავისი სამშობლო, ან მუდმივი საცხოვრებელი, ომებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო დატოვოს. და მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება", - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან ლტოლვილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით ამჟამად მსოფლიოში 82 მილიონზე მეტი იძულებით ადგილნაცვალი პირია, მათ შორის – 30 მილიონზე მეტი ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელია. 

"მიუხედავად კოვიდ პანდემიით გამოწვეული გადაადგილების სირთულეებისა, თავშესაფრის მოთხოვნაზე მომართვიანობა მათ შორის, საქართველოში გასულ წელსაც მაღალი იყო", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც უერთდება ლტოლვილთა საერთაშორისო დღის - 20 ივნისის აღნიშვნას და იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურ ღონისძიებებს მიმართავს იძულებით ადგილნაცვალ, მათ შორის თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დასაცავად.