სამართლებრივი ნონსენსია, რომ ჩვენმა სარჩელმა საფრთხე შეუქმნას არჩევნებს - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, არამედ არჩევნების შედეგებით მანიპულირების თავიდან ასაცილებლად მომზადდა. 

მისი განცხადებით, სამართლებრივი ნონსენისა, რომ სარჩელმა რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნას არჩევნებს. მან მოუწოდა კობახიძის გუნდს, სანამ დასკვნებს გამოიტანენ, თავად გაეცნონ სარჩელს. 

"სარჩელის შეტანა გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ მაჟორიტარული საზღვრების ეს მოცემულობა, რომელსაც არაკონსტიტუციურად და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ, მესამე მოსმენაზე გაჩნდა კანონში, როდესაც ჩვენ პროცესში აღარ ვიყავით ჩართული და გავლენასაც ვერ მოვახდენდით. ამდენად, არასწორია, თითქოს ჩვენ ვმონაწილეობდით ამ საზღვრების პროცესში.

იმაზე ბევრი ვიფიქრეთ, როდის უნდა შეგვეტანა სარჩელი და არჩევნების წინ მისი შეტანა სწორედ იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისი დაკავშირება არჩევნების შედეგებთან და ამ ფაქტით მანიპულირება არ მომხდარიყო.

ეს საქმე არჩევნებამდე არსებითად ვერ იქნება გადაწყვეტილი და ვერც ახლო მომავალში, ხოლო სასამართლოს მიერ ჩვენი სარჩელის საფუძველზე შემდგომ გამოტანილი გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას ამ არჩევნების შედეგებზე, ისევე, როგორც ეს მოხდა პარლამენტის ძველი მაჟორიტარული საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობისას.

ბატონი კობახიძის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, "სამართლებრივი ნონსენსია" ის, რომ ჩვენმა სარჩელმა რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნას ამ არჩევნებს და სანამ ასეთ დასკვნებს გამოიტანენ მმართველ გუნდში, ჯობს ჯერ სარჩელს გაეცნონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები

ჩვენი სარჩელის ერთადერთი მიზანი ისაა, რომ ყველა მოქალაქის ხმას თანაბარი წონა ჰქონდეს და არ გახდეს პოლიტიკური შეთანხმებების საგანი", - ნათქვამია ნიკა სიმონიშვილის განცხადებაში.