საპატრიარქო 5 ივლისს რუსთაველზე გამოსვლისკენ ბავშვებს მოუწოდებს

საქართველოს საპატრიარქო ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებას ავრცელებს. წერილში ნათქვამია, რომ 5 ივლისს ,,თბილისი-პრაიდის“ მიერ დაანონსებული მარში უხეშად არღვევს როგორც საერთო მორალს, ასევე ბავშვთა,ანუ ჩვენს საუკეთესო ინტერესს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების პარალელურად, მიმდინარეობს ძალადობა იმ მშობლებზე, რომლებიც შვილებს ეროვნული, ზნეობრივი და რელიგიური წესებით ზრდიან. 

"ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა კოდექსით აკრძალულია ბავშვისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ქმედება, მათ შორის, გარყვნილების პროპაგანდა. ამიტომაც შევიტანეთ სასამართლოში განცხადება და კატეგორიულად მოვითხოვეთ ჩვენი უფლებების სასამართლოთი დაცვა.. სამწუხაროდ, სასამართლო ჯერჯერობით არ იღებს გადაწყვეტილებას, ყოველდღე გვატყუებენ და არღვევენ კანონს. სასამართლო არ გვიცავს ბავშვებს, რადგან ლგბტ პრაიდის ტყვეობაშია", - აღნიშნულია განცხადებაში. 

საინიციატივო ჯგუფი საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, ჯანდაცვის, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ასევე სახალხო დამცველს, ბავშვის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაეროს ბავშვთა ფონდს, ევროკავშირის ბავშვთა უფლებების კომიტეტსა და ელჩებს მიმართავს, რათა დაცული იყოს ბავშვის უპირატესი და საუკეთესო ინტერესები, ბავშვთა უფლებების კონვენცია და ბავშვის უფლებათა კოდექსი.

"მოგიწოდებთ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით 18 წლამდე ასაკისას, ორშაბათს, 5 ივლისს, 17:00 სთ.-ზე, გამოდით რუსთაველზე და ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი მშობლები, ჩვენი ახლობლები შეურაცხყოფებისა და ძალადობისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.