სარკინიგზო ტრანსპორტისთვის რეკომენდაციები გამოქვეყნდა

კორონავირუსთან დაკავშირებით, სარკინიგზო ტრანსპორტისთვის ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა, რომელთა დაცვაც სავალდებულო იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ძირითადი რეკომენდაციებია: 

სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებში უზრუნველყოფილი იყოს მგზავრთა ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი; შემუშავდეს საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა; 

ინფექციის შემცირების მიზნით სერვისცენტრში, სატრანსპორტო საშუალებაში და სამუშაო ადგილებზე თვალსაჩინო ადგილზე განთავსდეს ინფორმაცია ახალი კორონავირუსისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ; აგრეთვე აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით მოხდეს მომხმარებელთა ინფორმირება კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ; 

უნდა შეიზღუდოს მატარებელში ჟურნალების, ბუკლეტებისა და გაზეთების გავრცელება; იკრძალება მგზავრებისთვის ტრანსპორტირების დროს სამგზავრო ბალიშები, ყურსასმენები და ა.შ. გარდა ერთჯერადი ინდივიდუალური ნივთებისა.

ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას, მატარებლის ყველა შესასვლელში განათავსოს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციის დისპენსერი; ვაგონში მგზავრთა ყოფნის, ჩასხდომისა და გადმოსხდომის დროს უზრუნველყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა; ასევე, უზრუნველყოს მომსახურე პერსონალი ნიღბებით და გააფრთხილოს მომსახურე პერსონალი იმის შესახებ, რომ სავალდებულოა მინიმალური კონტაქტი მგზავრებთან.

ამასთან რეკომენდებულია ბილეთის წინასწარ, ელექტრონულად შეძენა, რათა თავიდან იყოს აცილებული რიგში დგომის რეჟიმის გამოყენება.