შაქარაშვილის ბიძა: სანამ სიმართლე არ გაირკვევა, გამჩერებლები არ ვართ

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ოჯახს აქვს კითხვები მოწმეებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკვირვებით.

მირიან ნიკოლაძე, არ გამორიცხავს დაკავებულთა და ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

"დღის წესრიგში დგას განზრახ მკვლელობის ვერსია. იქამდე, სანამ სიმართლე არ გაირკვევა, გამჩერებლები ჩვენ არ ვართ. წრე რომ გაფართოვდეს, მე არ გამიკვირდება, თუმცა ამაზე დადასტურებული პასუხი ჯერ არ გვაქვს.

ერთ-ერთ ვერსიად არსებობს, ბავშვებზე ხომ არ განახორციელეს ზეწოლა და აიძულეს, რომ რამე დაეფარათ. ვიღაცა არასწორად იძახის რამეს, ან არასრულად ამბობს,"- აცხადებს ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.