როგორია ლიფტის მოწყვეტის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

თბილისში, ლიფტის მოწყვეტის შედეგად დაშავებულ შუა ხნის მამაკაცს, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობები აქვს, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა საყურადღებოა.

"მამაკაცის მდგომარეობა არის საკმაოდ საყურადღებო. მრავლობითი მოტეხილობები აქვს. კერძოდ, მარჯვენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, მარჯვენა მხრის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა. წელის მალის მოტეხილობა", - განაცხადა ექიმმა ოთარ დიხამინჯიამ.

რაც შეეხება კიდევ სამ დაშავებულს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის  არასრულწლოვანი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.