"შეიძლება რეანომობილმა ვერც მიუსწროს" - ექიმი

ექიმი ეკატერინე მხეიძე, რომელიც 2018 წლიდან ჰოლანდიაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, ამბობს, რომ მდგომარეობა ძალიან საშიშია.

მისივე თქმით, შესაძლოა, სააკაშვილის მდგომარეობა მოულოდნელად ისე დამძიმდეს, რომ რეანომობილმაც ვერ მიუსწროს. 

ეკატერინე მხეიძის თქმით, სააკაშვილის კერძო კლინიკაში სასწრაფოდ გადაყვანაა საჭირო. 

"არ არის მიღებული პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ საჯაროდ საუბარი, მაგრამ როცა ასეთი ექსტრემალური და ძალიან, ძალიან საშიში მდგომარეობაა, ჩემს თავს მივცემ უფლებას, ვილაპარაკო.

მას ჰქონდა თანდაყოლილი დაავადებები, რომლებიც შეიძლება დაავადებად არც ჩაითვალოს, თუ ადამიანი ნორმალურად ცხოვრობს და იკვებება, თანდაყოლილი პათოლოგიები, რომლებიც ნორმალურ პირობებში არ წარმოადგენს საშიშროებას, მაგრამ 26-დღიანი შიმშილობის შემდეგ ქმნის ძალიან დიდ რისკს. 

ამიტომ, მე კატეგორიულად მოვუწოდებ ციხის ადმინისტრაციას, სახელმწიფო სტრუქურებს, ჯანდაცვის სამინისტროს - მიიღეთ ეს, როგორც საგანგაშო გაფრთხილება, რომ ბატონი მიხეილი ასეთ მდგომარეობაში უკვე უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ.

კატეგორიულად მოვითხოვ და გაფრთხილებთ - ეს ისეთი ზღვარია, რომელიც მეტ მოცდას აღარ ექვემდებარება. ეს შეიძლება ყოველ წამს მოხდეს და ამის მერე რეანომობილი რომ მოვა და მას სადღაც გადაიყვანს, გზაშიც კი შეიძლება უკუქცევადი პროცესები დაიწყოს.

გაფრთხილებთ, ეს საშიში რისკია - გთხოვთ, ბატონი მიხეილი გადაიყვანოთ ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება 24-საათიანი დაკვირვების საშუალება". - ამბობს ეკატერინე მხეიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 26 დღეა შიმშილობს.