შეიქნება მობილური ჯგუფები, რომლებიც კოვიდკლინიკებში იმუშავებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მობილური ჯგუფები შეიქმნება, რომლის დანიშნულებაც ქვეყანაში არსებულ კოვიდკლინიკებთან მყისიერი კომუნიკაციის დამყარება იქნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, აღნიშნული ჯგუფების შემადგენლობაში თითო რეანიმატოლოგი, თითო ინფექციონისტი და თითო ადმინისტრატორი იქნება.

"ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით იქმნება მობილური ჯგუფები, რომლის შემადგენლობაში 1 რეანიმატოლოგი, 1 ინფექციონისტი და 1 ადმინისტრატორი იქნება. მათი ძირითადი დანიშნულება იქნება მყისიერი და ოპერატიული კომუნიკაციის განხორციელება ყველა კოვიდკლინიკასთან. პირველ რიგში, ეს იქნება თბილისისა და ბათუმის კოვიდკლინიკებთან, რადგან ესენი ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერტილებია", - განაცხადა ცერცვაძემ. 

მისივე თქმით, მობილური ჯგუფების მიზანი კოვიდკლინიკებში სიტუაციის გაცნობა და რამდენიმე დღეში სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ დასკვნების მომზადება იქნება.