შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნულია, 7 იანვარს, ქრისტეშობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, ტრადიციულად, შემოწირული საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება.

„მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში მნიშვნელოვანი დღესასწაულია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წლებია, ყოველ 7 იანვარს თბილისსა და მთელ საქართველოში მოსახლეობა - სასულიერო და საერო პირები აგროვებენ შემოწირულებას, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება.

წელს, 2022 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, ტრადიციულად, შემოწირული საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება.

მსურველებს შემოწირულებისა და სხვადასხვა საჩუქრის მოტანა შეეძლებათ 2022 წლის 7 იანვარს, 12 საათიდან 16 საათამდე რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მათ დახვდებათ იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ჩაიბარებენ და დასარიგებლად დაახარისხებენ საჩუქრებს. შემოწირულების მიტანა ასევე შესაძლებელი იქნება ყოვლადწმინდა სამების ლავრაში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამების ტაძარში საზეიმო მსახურება 23:00 საათზე დაიწყება. წირვას პატრიარქი აღავლენს. საშობაო მსახურებაზე კათოლიკოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს წაიკითხავენ.

ამასთან, პანდემიის გამო, „ალილო“ განსხვავებული ფორმით ჩატარდება და ფეხით მსვლელობა არ გაიმართება.