შს სამინისტროს უსაფრთხოების მართვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილი არ არის. შეტყობინებების მიღება ხდება უწყვეტ რეჟიმში და ოპერატიულად გადაეცემა შესაბამის საგანგებო სამსახურებს - ამიშ შესახებ report.ge-ს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. 

"საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს აქვს მზადყოფნა, უზრუნველყოს ოპერატორებისა და დისპეტჩერების დამატებითი ჯგუფების დამატება, რათა მოსახლეობამ შეძლოს შეუფერხებლად შესაბამისი დახმარების მიღება" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ერთი დღეს გამოვლინდა. დაინფიცირებული ქალი 31 წლის არის. მან იტალიაში იმოგზაურა.