სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ცოლი კორონავირუსით გარდაიცვალა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მეუღლე, რიტა სარგსიანი 58 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა TASS ავრცელებს, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია ექს-პრეზიდენტის ოფისში დაუდასტურეს.

აქამდე, სომხური გამოცემები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ რიტა სარგსიანი კომაში იყო.

ცნობისთვის, სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 667 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 123 646-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით სულ 1 900 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 30 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 488 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსისგან 90 754 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 504 კვლავ მკურნალობას გადის.