სომხური მედია საქართველოს პროაზერბაიჯანულ პოზიციაში ადანაშაულებს

28 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სომხეთში მოხალისეების ჯგუფის გადასროლის მცდელობა იყო. ნინოწმინდის სტადიონზე 5000-მდე ადამიანი შეიკრიბა და მოხალისეთა რაზმები ჩამოაყალიბა, რომელებმაც საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთა სცადეს.  ამის უფლება ჯგუფებს ქართველმა მესაზღვრეებმა არ მისცეს. ადგილზე მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შემდეგ სომხეთში ასამდე ადამიანი, სომხეთის პასპორტის მქონე პირი გადაუშვეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტებს ყარაბაღში სომხური არმიის დასახმარებლად ძველი საბურავებითა და კვების პროდუქტებით დატვირთული რამდენიმე სატვირთოს გადაყვანა სურდათ. ქართველმა მესაზღვრეებმა ამის უფლება არ მისცეს, რადგან თბილისის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული სომხეთში სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის.

ამის საპასუხოდ სომხურმა მედიამ საქართველო პროაზერბაიჯანულ პოზიციაში დაადანაშაულა და დაემუქრა. 

„ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ აზერბაიჯანელებთან და თურქებთან თამაში კარგად არ დამთავრება და ნუ ეწყინებათ, თუ 2021 წელს სომხები მოულოდნელად ჯავახეთში ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ჯარებს შეიყვანენ, როდესაც ერდოღანი საბოლოოდ წაართმევს აჭარას,"- წერს გამოცემა.

ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, სომხურ მხარესთან ორმხრივი შეთანხმებით, საზღვარი უკვე რამდენიმე თვეა დახურულია. ქართველი მესაზღვრეები კი სახელმწიფო პოზიციის სრული დაცვით მოქმედებდნენ, რაც ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებისთვის იარაღის მიწოდებასა და სამხედრო მხარდაჭერაში მონაწილეობაზე უარის თქმას გულისხმობს. გარდა ამისა, ასეთი ქმედება საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.