ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნება

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი ივლის. როგორც ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა, ამ დროისთვის ამ საკითხის დარეგულირებას ბაზარი ახდენს, მაგრამ მუნიციპალიტეტი საკანონმდებლო ცვლილებით მიმართავს პარლამენტს, რომ ეს უფლება ქალაქის მთავრობას გადმოეცეს.

„ამ დროისთვის ხარვეზია ქუთაისიდან მუნიციპალიტეტების მიმართულებით სატრანსპორტო მომსახურებაზე. ამ საკითხის დარეგულირება არავის კომპეტენციაში არ შედის და ეს მინდობილია მთლიანად ბაზარზე. ვითხოვთ, ისევე მოხდეს მუნიციპალიტეტების მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლის დარეგულირების უფლების გადმოცემა. ამასთან დაკავშირებით სამინისტროსთან ინიცირებით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შევა განსახილველად“, – განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

2020 წლიდან ქუთაისში ტრანსპორტი მუნიციპალური გახდება. ახალი ავტოპარკი სულხან-საბას დასახლებაში მოეწყობა, რომელიც განკუთვნილი იქნება ასევე ელექტრომობილებისათვის.