თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ხვალ აქციას გამართავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ხვალ, აშშ-ის საელჩოსთან აქციას გამართავს. 

თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, აქციის მთავარი მოთხოვნა, საქმეში FBI-ის ჩართვა იქნება. 

"ხვალ 12:00 საათზე ვგეგმავ ფართომასშტაბიან აქციას ამერიკის საელჩოს წინ. მთელ საქართველოს მივმართავ - დადგა ის მომენტი როცა თქვენ შეგიძლიათ ჩემი შვილის დახმარება, რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით, მთელ მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ ჩემი შვილი მოკლეს. მივმართავ შვილმკვდარ დედებს და მათაც, ვისაც შვილები კარგად გყავთ - ვითხოვ, რომ FBI იყოს ჩართული. თუ ეს ჩართულობა არ ენდომებათ, ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ მალავენ რაღაცას. არანაირი სიგნალი არ მიმიღია ბატონი გახარიასგან. ალბათ არ ჩათვალა საჭიროდ შვილმკვდარ დედასთან შეხვედრა," - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან".

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.