"თბილისი ენერჯი": ქსელიდან ჩაიხსნა სასიკვდილო დანადგარები

კომპანია "თბილისი ენერჯის" სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 7053 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში აბონენტების ნაწილი გაზის ქსელის უსაფრთხოებას არ იცავს.

"თბილისი ენერჯი" კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისევე თქვენი მეზობლებისთვის", – აღნიშნავენ კომპანიაში.

ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანიობის სტატისტიკა უბნების მიხედვით ასეთია – სამგორი 1661; ისანი-ვაზისუბანი 1481; გლდანი 947; სანზონა 638; საბურთალო 463; დიღომი 317; ნუცუბიძე 267; დიდუბე 236; ჩუღურეთი 226; ნაძალადევი 223; ვაკე 214; კრწანისი 202; მთაწმინდა 158; წყნეთი 20 – სულ 7053“, – აღნიშნულია კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.