თბილისის სასაფლაოებისთვის საკანონმდებლო პაკეტი მზადდება

დედაქალაქში არსებული სასაფლაოების ტერიტორიაზე დაფიქსირებული დარღვევების აღმოსაფხვრელად, თბილისის მერია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ამზადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილება როგორც მუნიციპალურ ასევე, კერძო სასაფლაოებს შეეხება.

„მუნიციპალური და კერძო სასაფლაოების ტერიტორიებზე სრული ქაოსი არსებობს. ხშირია სასაფლაოების მოწყობის და მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის შემთხვევები, რომელზეც არანაირი სანქცია არ არსებობს. ასევე, ხდება მიწების მიტაცება. ხშირია საფლავსზედა ნაგებობების უნებართვოდ მოწყობისა და უკანონო კონსტრუქციების განთავსების შემთხვევებიც. ეს ყველაფერი რომ მოვაწესრიგოთ, ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებებია მნიშვნელოვანი, რომელსაც ვამზადებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ცვლილებათა პაკეტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება, რომ აღნიშნული მიმართულება დროულად მოწესრიგდეს.