თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, პირბადე ღია სივრცეშიც ატარეთ - მთავრობის რეკომენდაცია

საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც უნდა მოხდეს. 

ნათია მეზვრიშვილის თქმით, პირბადე უნდა ვატაროთ ყველგან, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. 

"მკაცრი რეკომენდაციაა, რომ სამ ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეებში მოხდეს პირბადის ტარება. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების მხრიდან, გააკონტროლებს შრომის ინსპექცია და შსს. გთხოვთ, მოგიწოდებთ, დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ღია სივრცეებში პირბადეები ვატაროთ. განსაკუთრებით იქ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, სადაც უამრავი ადამიანი იყრის თავს. ამ ეტაპზე ამას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. გთხოვთ, ეს რეკომენდაცია მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, რათა არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზე სანქციების დაწესება. იმედი გვაქვს, ჩვენი მოქალაქეები ამ წესს დაიცავენ," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.