თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დღესასწაულისთვის ქუჩების მორთვა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

„პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, ოთხ სხვადასხვა მისამართზე - მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - „კინო საქართველოდან“ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - „ისნის“ მეტროსადგურამდე განხორციელდა, სადაც ჯამში 220 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა“, - ამბობენ თბილისის მერიაში.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ასრულებს. საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟი ყოველწლიურად ნოემბრის პირველ რიცხვებში იწყება და დეკებრის შუა რიცხვებამდე სრულდება.