თოვლი, ქარბუქი, შტორმი და ყინვა - გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელია.

„დროგამოშვებით, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად - თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.