ტყიბულში, მეშახტეებს სახელფასო დავალიანება გაუსტუმრეს 

ტყიბულში, მეშახტეებს სახელფასო დავალიანებები სრულად აუნაზღაურეს. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. ნათია თურნავას ინფორმაცით ახალმა ინვესტორმა პირობა შეასრულა და სახელფასო დავალიანებები გაისტუმრა.

“ტყიბულში დღეიდან ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და პირველი დაპირებაც შეასრულა - მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება სრულად იქნა გასტუმრებული და პირველი ცხელი პრობლემა მოიხსნა. პირადად ვარ კომუნიკაციაში როგორც მეშახტეებთან, ასევე ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. ასევე პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა. ეს საკითხი პრიორიტეტულია და ეს ნორმები უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტყიბულში, ხელფასების გადახდის მოთხოვნით მეშახტეები გაიფიცნენ. რამდენიმე მათგანი შახტში ჩავიდა და იქიდან ამოსვლას სახელფასო დავალიანების დარიცხვამდე არ აპირება. მოგვიანებით, მეშახტეებს ახალი ინვესტორი ხელფასების გადახდას დაპირდა, რის შემდეგაც პროტესტი შეწყდა.