ცერცვაძე: ჯერჯერობით, დიდი წარმატებებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ქვეყანაში კორონავირუსით სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი, საქართველოში მკურნალობისა და პაციენტების მოვლის სწორ ტაქტიკაზე მიუთითებს. 

მისი თქმით, კოვიდინფექციის ბევრი თვისება და გართულება ექიმებისთვის ეტაპობრივად ხდება ცნობილი და პაციენტების მკურნალობისას საქართველო დიდი წარმატებით იღებს გადაწყვეტილებებს. 

„სულ 6 გარდაცვლილი პაციენტია ჩვენთან, რაც ერთ-ერთი სუკეთესო მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს ძალიან დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია და პაციენტების მოვლაც სწორია. ჩვენთან კორონავირუსის მკურნალობა ხორციელდება 10 კლინიკაში ერთიანი მიდგომით. ერთიანი პრინციპებით ხდება როგორც დიაგნოსტირება, ასევე მკურნალობის შერჩევა, ამავე დროს, თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალური მიდგომით, იმიტომ, რომ კოვიდი მრავალსახოვანი დაავადებაა, ახალია, ბევრი ისეთი თვისება და გართულება აღმოაჩნდა, რაც არ იყო ექიმებისთვის ცნობილი და გვიხდება გზადაგზა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ჯერჯერობით დიდი წარატებებით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.