ცერცვაძე: შემუშავებულია რეგულაციები, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს მეორე ტალღას

გარანტიების მიცემა ძნელია, მაგრამ თუ მეორე ტალღა იქნება საქართველოს ჯანდაცვა გაუძლებს ისე, როგორც გაუძლო პირველ ტალღას და მოსახლეობამ შეიძლება, ვერც იგრძნოს ეს მეორე ტალღა, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა უკვე არსებული გამოცდილებით მეორე ტალღას უკეთ მომზადებული შეხვდება. 

„მეორე ტალღის რისკები რა თქმა უნდა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი მიმოსვლა არ არის ქვეყნებს შორის და საზღვრები რკინის ფარდით არ არის ჩაკეტილი, მაინც არის ოფიციალური ვიზიტები, სატრანსპორტო გადაზიდვები და სხვა სახის მიმოსვლა. რისკები არსებობს და ეს რისკები რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე ამისათვის არაფერი ახალის გამოგონება საჭირო არ არის, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა და პრემიერი გიორგი გახარია წინსწრებით დგამს ყველა ნაბიჯს და საპასუხო ღონისძიებებს, მათ წინსწრებით გაატარეს საპასუხო ღონისძიებები, რომ ეპიდემია არ გამხდარიყო ფართომასშტაბიანი და ახლა შემუშავებულია მთელი რიგი რეგულაციები, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს მეორე ტალღას. ყველა რეგულაცია უკვე გაწერილია,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რეგულაციების შესრულებისას ყველაზე ძნელი ქართული ტრადიციების დაძლევა აღმოჩნდა. მისი თქმით, ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები.

,,ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ ავიცილებთ მეორე ტალღას, ან გადავავადებთ მას. ამის საფუძველს მაძლევს ის რეგულაციები რომელიც სახელმწიფომ შეიმუშავა და ჯერჯერობით ეს რეგულაციები სრულდება. ყველაზე ძნელი აღმოჩნდა ქართული ტრადიციების დაძლევა, რომ თავი შევიკავოთ მრავალრიცხოვანი შეკრებებისგან. ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები. ჩემი მოლიდინია, რომ სულ ცოტა ფართე მიმოსვლის აღდგენამდე შევინარჩუნებთ ღირსეულ მდგომარეობას და მეორე ტალღა არ იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ მიმოსვლის გახსნა მოხდება გონივრულად და დოზირებულად. ასეთ შემთხვევაში მეორე ტალღა ან არ იქნება, ან გადავავადებთ შემოდგომა-ზამთრისთვის. მეორე ტალღას შევხვდებით უკეთ მომზადებული იმ გამოცდილების გათვალისწინებით რომელიც მივიღეთ" - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.