ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ცხინვალის რეგიონში, თვენახევრიანი პაუზის შემდეგ პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექცია ოთხი წლის ბავშვს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო რეჟიმის სანიტარული სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, ინფიცირებული მცირეწლოვანი რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის ინფექციურ განყოფილებაშია გადაყვანილი. 

დე ფაქტო ცხინვალის რეგიონში ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 89 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა შორის იყვნენ ხუთი ექიმი, რომლებიც "წითელ ზონაში" მუშაობდნენ. ამ დროისათვის, 305 ადამიანი ორი კვირით კარანტინში იმყოფება. 

დე ფაქტო ცხინვალში, აპრილის დასაწყისიდან 31 აგვისტომდე, აკრძალულია რუსეთის ფედერაციისთან საზღვრის გადაკვეთა.