ვაქცინაციის მაჩვენებლით საქართველო მეზობელ ქვეყნებს ჩამორჩება

galt and taggart-ის კვლევით, ვაქცინაციის მაჩვენებლით საქართველო მეზობელ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 16 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში აცრილია 24,917 ადამიანი (0.7%). აპრილის მონაცემით დღეში საშუალოდ იცრება 1,318 ადამიანი.  ორგანიზაცია განმარტავს,რომ ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება მოსალოდნელია წლის მეორე ნახევრიდან. მეზობელი თურქეთის ვაქცინაციის მაჩვენებელი 14.4%-ია, აზერბაიჯანში აცრილია მოსახლეობის  8.4%, რუსეთში კი - 4,5%. საქართველოში კი ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლო 0.7%.

საქართველოში ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია 3 სახის ვაქცინა: 43,200 დოზა ასტრაზენეკა,  29,250 დოზა ფაიზერი და 100,000 სინოფარმი. 


საჯარო განცხადებების მიხედვით, საქართველო ელოდება მილიონ დოზა ვაქცინას ფაიზერისგან (თარიღი ცნობილი არაა). აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნოვაქსთან, ჯონსონ ენდ ჯონსონსა და სხვა კომპანიებთანაც.

2021 წლის მარტის ბოლოდან საქართველოში კოვიდის შემთხვევები მზარდია და მესამე ტალღის ნიშნები სახეზეა. ვაქცინაცია 150-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს, თუმცა ვაქცინაციის ტემპი დაბალია და აცრილია მსოფლიო მოსახლეობის 5.6%, 16 აპრილის მდგომარეობით.