ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანებისთვის გამოიყოფა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანებისათვის ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოს. 

„შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი იქნება 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზედაც მთელი მსოფლიო ძალისხმევით იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს. ამდენად, როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, იქნება 55 წელს ზემოთ ჯგუფი. მსოფლიო მონაცემები მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30% არის ის რაოდენობა, რომელსაც სურს, რომ ვაქცინაცია გაიკეთოს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს.

შესაძლოა 100 დოზა გამოყოფილი იყოს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ცნობილი ადამიანებისათვის, ამას კარგად სჭირდება დაგეგმვა და საზოგადოების ჩართულობა. დავუშვათ, შეიკრიბეთ და გვირჩიეთ ვინ უნდა აიცრას ამ 100 დოზით და ვინ გამოიწვევს საზოგადოებაში მეტ ნდობას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.