,,ვგეგმავთ უფრო მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანების წარმოებას"- ღარიბაშვილი

,,ვგეგმავთ უფრო სერიოზული, მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანების, ჯავშანტექნიკის წარმოებასაც 2021 წლიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს, „დელტაში“ კი ბევრი გამოცდილი თანამშრომელი მუშაობს, მაინც საჭიროა მეტი ცოდნის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან. 

მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ამ მიმართულებით ერთგვარი გარღვევა მოხდეს და სხვა ქვეყნებთან ერთობლივი საწარმოები შეიქმნას.

„ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია წინასწარი მოლაპარაკებები. ვმუშაობთ პოლონეთთან, ჩეხეთთან, ასევე ისრაელთან. არის საინტერესო ინიციატივები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.