ვინ არიან კორონავირუსით ახალი ინფიცირებულები

"კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4 არის სოფელი გაჩიანიდან, 3 არის შემოტანილი შემთხვევა, 4 პაციენტი არის კონტაქტებიდან, ერთი სამედიცინო პერსონალი, ხოლო 3 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 244 პაციენტი მკურნალობს.

" აგვისტოს პირველი რიცხვიდან დღემდე 26 ახალი შემთხვევა იყო, გამოჯანმრთელებული კი 27. კოვიდი არ მიდის არსად, ცხოვრობს ჩვენთან ერთად და იმისთვის, რომ ეს მონაცემები არ იყოს დიდი და შემაშფოთებელი, აუცილებელა ყველა რეგულაციის შესრულება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რეგისტრირებულმა რაოდენობამ 1197-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლდა.

გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.