ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი

საქართველოში, კორონავირუსით კიდევ ერთი, 26-ე პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, გარდაცვლილი 70 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

,,პაციენტი კლინიკაში 17 სექტემბერს, 16:30 საათზე შეიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, დიაგნოზით: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 90%-ის დაზიანება.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულზე ჩატარებული სტენტირება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 24 სექტემბერს 12:10 საათზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4399-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1705 პაციენტი.