ბასილაშვილის მორიგი მარცხი

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა  ავსტრიის ქალაქ კიტცბუელის ტურნირზე გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა.

საწყის რაუნდში მისი მეტოქე იყო არგენტინელი ფედერიკო დელბონისი, რომელიც კლასიფიკაციაში 79-ე ადგილს იკავებს.

ბასილაშვილმა პირველი სეტის სტარტზე ბრეიკით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. დელბონისმა მერვე გეიმში ჯერ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ, მე-12 გეიმში მშრალი ანგარიშით მოიპოვა მეორე ბრეიკი და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში დელბონისის უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა. მან ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და 5:0 დაწინაურდა. თუმცა, ბასილაშვილმა გაბრძოლება შეძლო – მეექვსე გეიმში სამი მატჩბოლი მოიგერია, მეშვიდე გეიმში ერთი უკუბრეიკი შეასრულა, მაგრამ მეტი ვერ შეძლო და საათსა და 27 წუთში 5:7, 3:6 წააგო.

ბასილაშვილს შეხვედრაში ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ორი შანსი გამოიყენა, დელბონისს – 15 ბრეიკ-პოინტი და ოთხი ბრეიკი. ქართველმა განსაკუთრებით ცუდად თავის მეორე მოწოდებაზე ითამაშა – 34 გათამაშებიდან მხოლოდ ცხრა ქულა აიღო.

ამ სეზონში ბასილაშვილისთვის ეს მე-12 შეხვედრა და მერვე მარცხია.