ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სლოვენიის კურორტ თერმე ჩატეჟში მიმდინარეობს, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა გუნდის წევრებმა სომხეთის გუნდის წარმომადგენლები 2,5:1,5 დაამარცხეს და 8 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდნენ.

ქართველთაგან პარტიები ნანა ძაგნიძემ და სალომე მელიამ მოიგეს. ძაგნიძემ პირველ დაფაზე ელინა დანიელიანი 42-ე სვლაზე დაამარცხა, ხოლო მელიამ 39-ე სვლაზე ანა სარგსიანს სძლია. მეოთხე დაფაზე სოფიო გვეტაძემ სირანუშ გუკასიანსთან ქულა გაიყო, მერი არაბიძემ კი მეორე დაფაზე თეთრებით ლილიტ მკრტჩიანთან წააგო.

ქართველმა ვაჟებმა მეხუთე ტურის პარტია უკრაინის ნაკრების წარმომადგენლებთან 1,5:2,5 წააგეს.