გიორგი გახარია: ჯანმრთელობა და განათლება მთავარი პრიორიტეტები უნდა იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გორში სპორტსმენებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სფეროში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და გამოთქმულ ინიციატივებს გაეცნო.

„თქვენ ამ ქვეყნის სახელს ქმნით, ამ საკმაოდ მწვავე პრობლემების წინ მდგარ რეგიონში - საოკუპაციო ხაზთან. დიდი ქვეყნები ვერ იამაყებენ 21 მსოფლიო ჩემპიონით, 4 ოლიმპიური ჩემპიონით და 30 კაცზე მეტი ევროპის ჩემპიონით“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯანრთელობა და განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები უნდა იყოს.

„ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდობის და ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების წინაშე, რაც მთავრობის პირდაპირი პოზიტიური ვალდებულებაა, რომ ამ ხალხს ეფექტურად ემსახუროს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.