ინდოელი ოლიმპიური ჩემპიონი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ინდოეთის ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში სუშილ კუმარი სპორტსმენის მკვლელობაში და დანაშაულებრივ შეთქმულებაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, 4 მაისს, სპორტულ სტადიონზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად სულ სამი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 23 წლის სპორტსმენი საგარ დანკარი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

სტადიონის მახლობლად გაჩერებულ ერთ-ერთ მანქანაში სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ავტოსადგომის მახლობლად დაწყობილ ჯოხებზე კი სისხლის კვალი იპოვეს.

დაპირისპირებაში ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენი, სუშილ კუმარი მონაწილეობდა, რომელსაც გარდა სპორტული კარიერისა,ოფიციალური თანამდებობა აქვს დელის მთავრობის სპორტის განყოფილებაში.

BBC-ის ცნობით, კუმარი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. სპორტსმენის დაკავება მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

თავად სპორტსმენი ბრალდებებს უარყოფს.