ორი ქართველი სპორტსმენი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესოდ დაასახელა

ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) გულშემატკივრის გამოკითხვის შედეგად, 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ძიუდოისტებად დაასახელა ორ სხვადასხვა ნომინაციაში.

2019 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დასახელდა.

2020 წლის ევროპის ჩემპიონი უფროსებსა და 23-წლამდელებს შორის, ტატო გრიგალაშვილი კი „ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდოს მფლობელი გახდა.

 მსოფლიოს საუკეთესოები გულშემატკივრებისგან მიღებული ხმების მიხედვით, სულ 5 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.

დაჯილდოების ცერემონია ძიუდოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა და როგორც წლის შემაჯამებელი ღონისძიება, ისტორიაში პირველად, ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობდა.