თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია

თორნიკე შენგელია "ცსკა"-ს წევრი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ რუსული გუნდის ოფიციალურ გვერდი იუწყება. მოსკოვურ კლუბთან, ქართველმა კალათბურთელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა და ყოფილ გუნდ "ბასკონიას" დაემშვიდობა. 

„არ ვიცი, საიდან დავიწყო და მგონია, რომ, რაც არ უნდა ვთქვა, მაინც ვერ გამოვთქვამ ბოლომდე, რას ვგრძნობ ამ ქალაქისა და ამ ხალხის მიმართ. პირველივე დღიდან მიმიღეთ, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი და მაგრძნობინეთ დიდი სიყვარული როგორც მე, ასევე ჩემს ოჯახს“, – წერს შენგელია – „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს და მწვრთნელს, რომლებთან ერთადაც ბოლო ექვსი წელი გავატარე. „ვიტორია“ მუდამ ჩემს გულში იქნება“. - წერს თორნიკე შენგელია. 

ქართველი შემტევი რუსული არმიის გუნდში გადასვლასაც გამოეხმაურა და ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა. 

„ბედნიერი ვარ, რომ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონებს ვუერთდები და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ თამაშს არაჩვეულებრივ კალათბურთელებთან ერთად და არაჩვეულებრივი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით“, – შენგელიას სიტყვებს „ცსკა“-ს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.