112 წლის იაპონელი მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან მამაკაცად აღიარეს

იაპონიის ნიიგატას პრეფექტურაში მცხოვრები 112 წლის ტიტეცუ ვატანაბე მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან მამაკაცად აღიარეს. ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

ტიტეცუ ვატანაბე 1907 წლის 5 მარტს დაიბადა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტაივანში მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა.

მამაკაცი აღიარებს, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო სიცილში მდგომარეობს. ის ცხოვრებას პოზიტიურად უყურებს და ცდილობს, სულ კარგ ხასიათზე იყოს.

ახალი სტატუსი და გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა ტიტეცუს 12-მა შვილიშვილმა და 16 შვილთაშვილმა მიულოცა.

მანამდე ყველაზე ასაკოვან მამაკაცად იაპონელი მასაძო ნონაკა ითვლებოდა, რომელიც გასული წლის იანვარში 113 წლის ასაკში გარდაიცვალა.