4 წლის ონკოლოგიური პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა

დიდ ბრიტანეთში, არჩი ვილკსმა, რომელიც 4 წლის ასაკში კორონავირუსთან ერთად სიმსივნესაც ებრძოდა ინფექცია დაამარცხა. ამის შესახებ გამოცემა The Sun იუწყება.

არჩი ვილკსი ნეირობლასტომით, ბავშვთა სიმსივნით არის დაავადებული. მას დაავადება 2019 წლის იანვარში დაუდგინდა. მანამ სანამ, კორონავირუსზე დადებითი პასუხი დადასტურდებოდა მან ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კურსი გაიარა.

არჩის მშობლებმა, საიმონ და ჰარიეტ ვილკსებმა ავადმყოფი შვილის დასაცავად ყველაფერი გააკეთეს. მათ შორის, რამდენიმე კვირის წინ არჩის ტყუპისცალი ძმა, ჰენრი სკოლიდან გამოიყვანეს, რათა ინფექციის გადადების ალბათობა შემცირებულიყო და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

”ჩვენ მხოლოდ საავადმყოფოში ვიყავით რამდენჯერმე, ისიც ვცდილობდით, მოსაცდელი ოთახისგან შორს ვყოფილიყავით და სხვებთან კონტაქტისგან თავი აგვერიდებინა. მაგრამ ყველა მცდელობის მიუხედავად, დიდ ბრიტანეთში არჩი ერთადერთი მცირეწლოვანი ონკოლოგიური პაციენტი იყო, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა", - განაცხადა საიმონ ვილკსმა.

არჩის სიმსივნის მკურნალობის ახალი კურსის დაწყების შემდეგ ცხელება განუვითარდა, რის გამოც კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის სასწრაფოდ პალატაში გადაიყვანეს. საიმონ ვილკსის განცხადებით, არჩის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ხშირად აღენიშნება, რის გამოც ხველას და დაღლილობას გაციებას აბრალებდნენ, მანამ, სანამ ბავშვს ცხელება არ განუვითარდა.

”საშინელი შეგრძნება იყო, როდესაც იგი კორონავირუსის პალატაში გადაიყვანეს, რადგან ჩვენ არ გვქონდა რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდეს მის მდგომარეობაში მყოფი ბავშვი ვირუსს”, - დასძინა საიმონმა.

არჩიმ და მისმა მამამ საავადმყოფოში 6 დღე დაჰყვეს. საიმონ ვილკსი პალატას COVID-19-ის გამოქვაბულს ადარებდა, სადაც ექთნები სპეციალური აღჭურვილობით შედიოდნენ.

2019 წელს არჩის თირკმლისა და ხერხემლის გარშემო ორი სიმსივნე აღმოაჩნდა, შემდგომ მეტასტაზები სხვა ორგანოებზეც გავრცელდა, მათ შორის ძვლებში და ძვლის ტვინში.