8 დღით მიტოვებული 3 წლის ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა - VIDEO

ტოკიოში პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა ქალი საკი კაკეჰაში, რომელმაც 3 წლის გოგონა 8 დღით სახლში მარტო მიატოვა, თავად კი მეგობარი მამაკაცის მოსანახულებლად სხვა ქალაქში წავიდა.

სახლში დაბრუნებულ დედას პატარა ნოა, ნაგვით სავსე ბინაში შიმშილით გარდაცვლილი დახვდა. ბავშვს 8 დღის გამოუცვლელი პამპერსი ეკეთა და კანი გამონაყარით ჰქონდა დაფარული. ინფორმაციას Japan Times -ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, კაკეჰაშიმ სასწრაფო დახმარებას დაურეკა და აცნობა, რომ მისი ქალიშვილი არ სუნთქავდა. ექიმებმა ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამედიცინო დასკვნაში დაწერეს, რომ ის გარდაცვლილი იყო.

ბავშვის დედამ სამართალდამცავებს თავიდან სიმართლე დაუმალა და უთხრა, რომ გოგონა რამდენიმე დღის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა, მაგრამ მისი საავადმყოფოში გადაყვანის საშუალება არ ჰქონდა. მოგვიანებით კაკეჰაშიმ აღიარა, რომ შვილი ერთ კვირაზე მეტი ხნით მარტო მიატოვა, თუმცა არ უფიქრია, რომ ის დაიღუპებოდა. დედას ეგონა, რომ ბავშვს არაფერი დაემართებოდა.