ამერიკელი სენატორების თქმით, TikTok ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება

ამერიკელი სენატორები კიმ კოტონი და ჩაკ შუმერი ჩინური კომპანია „ByteDance-ის“ მიერ შექმნილი აპლიკაციის, TikTok-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მათი თქმით, ვიდეოპლატფორმა აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

აშშ-ს დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ჯოზეფ მაგუაერისადმი მიწერილ წერილში კანონმდებლები აცხადებენ, რომ TikTok მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის მისი მოწყობილობის IP-მისამართსა და ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემებს აგროვებს.

„ByteDance“ აცხადებს რომ ამერიკელების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე ინახება. სენატორების თქმით კი, ვინაიდან კომპანია ჩინეთშია ბაზირებული, ის ადგილობრივ კანონმდებლობასაც ემორჩილება და პეკინის მოთხოვნის შემთხვევაში მას ინფორმაციას მიაწვდის, ვინაიდან იურიდიულად, მას უარის თქმის უფლება უბრალოდ არ აქვს.