ანარქისტებმა საბერძნეთის გარემოს დაცვის მინისტრის სახლის ფასადი დააზიანეს

საბერძნეთში "რუბიკონის" ჯგუფის ანარქისტებმა ქვეყნის გარემოს დაცვისა და ენერგიის მინისტრის კოსტას სკრეკასის სახლის ფასადს საღებავი გადაასხეს და საკუთარი ლოზუნგები დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი In ავრცელებს.

მოგვიანებით ჯგუფის წევრებმა "Facebook-ში" ამ ქმედების მიზეზებზე ისაუბრეს. მათი თქმით, საბერძნეთის ხანძრებში ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელიც ცეცხლთან საბრძოლველად მოუხერხებელ პოლიციელებს და სულ რაღაც რამდენიმე ათეულ მეხანძრეს გზავნის.

საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა იანის იკონომუმ მინისტრის სახლზე თავდასხმა კატეგორიულად დაგმო.

"რუბიკონის" ორგანიზაციის ანარქისტებმა, რომლებიც 2009 წელს, საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ გამოჩნდნენ, მსხვილ კომპანიებზე სამინისტროებზე, საელჩოებსა და წარმომადგენლობებზე ასამდე თავდასხმა განახორციელეს.