ანტონიუ გუტიერეში: ათასობით ადამიანი მოკლეს, ბავშვები იყინებიან

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა დაპირისპირებულ მხარეებს სირიაში, იდლიბში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.  

"ათასობით ადამიანი მოკლეს. ბავშვები იყინებიან. ეს ჰუმანიტარული კრიზისი ამ მრავლისმნახველი ერისთვის უნდა დასრულდეს," - წერს Twitter-ზე გუტიერეში.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თუ სიტუაციის განმუხტვა არ მოხდება, ევროპა მორიგი საიმიგრაციო კრიზისის პირისპირ აღმოჩნდება.  

იდლიბში სიტუაცია  20 თებერვალს დაიძაბა მას შემდეგ რაც, სირიის შეიარაღებულმა ოპოზიციამ, თურქი მეომრების მხარდაჭერით, სახელმწიფო ჯარებს შეუტია. სირიის სახელმწიფო არმიის დასახმარებლად რუსეთმა თვითმფრინავები გაგზავნა. ანკარაში აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი თურქი მეომარი. პრეზიდენ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი და თურქეთი შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.