აშშ ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს გახანგრძლივებას გეგმავს

აშშ ამ კვირის ბოლომდე გაერო-ს უშიშროების საბჭოში კენჭისყრისთვის ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს გაგრძელების რეზოლუციის პროექტის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ ტელეარხ Al Arabiya-სთან ინტერვიუში გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, კელი კრაფტმა განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციის მთავარი მოთხოვნა ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს უვადო გახანგრძლივებაა, სანამ უშიშროების საბჭო სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

"ეს კენჭისყრა არჩევანია მშვიდობასა და ტერორს შორის", - განაცხადა კრაფტმა.

ეს პირველი დოკუმენტი არაა, რომელის განხილვას აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სთავაზობს. წინა რეზოლუციის პროექტი უფრო მოცულობითი იყო და რამდენიმე მოთხოვნას შეიცავდა, მათ შორის ირანელი მოქალაქეების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებასა და რამდენიმე ირანული კომპანიის აქტივების გაყინვას.