აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ინფორმაცია პაუელის ოჯახმა "Facebook-ში" დაადასტურა.

"ჩვენ შესანიშნავი და მოსიყვარულე მეუღლე, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი დავკარგეთ", - აღნიშნულია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ოჯახი ადასტურებს, რომ პაუელი კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული იყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს კოლინ პაუელი 2001-2005 წლებში იკავებდა, ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს იკავებდა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე კოლინ პაუელი 2004 წლის 24 იანვარს თბილისში ჩამოვიდა. 25 იანვარს ის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში კოლინ პაუელი ოფიციალურ პირებს, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.